გიორგი ლაღიძე – „მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, მათ ეყოლებათ მათზე მზრუნველი წარმომადგენელი პარლამენტში“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კონკურენტული და დაძაბული იქნება. გარდა ამისა, კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შემდეგ, მცირე შემადგენლობის პოლიტიკური სუბიექტებს რეალური შანსი გაუჩნდათ, მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში და კოალიციის პრინციპით გახდნენ ქვეყნის მმართველები. დღევანდელ ინტერვიუში ვესაუბრებით პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერ გიორგი ლაღიძეს, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში. რა არის მისი სამომავლო ხედვა და რას სთავაზობთ ამომრჩეველს? ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

თქვენ მონაწილეობას იღებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. სანამ უშუალოდ ხედვებზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით მოკლედ პარტიის შესახებ და თქვენი წარსული აქტივობების შესახებ.

  • დიახ პარტია „მომავალი საქართველო“ დაფუძნდა 2008 წელს, სადაც გაერთიანებულები არიან ყველა პროფესიის ადამიანები, თუმცა ძირითად ბირთვს იურისტები წარმოადგენენ, ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ, რომ მე პირადად 1996 წლიდან ვმოღვაწეობ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვიცავდი უფლებადარღვეული მოქალაქეების ინტერესებს მეც და ჩემი კოლეგებიც, რომლებიც დღეს ჩვენი პარტიის წევრები არიან. ჩვენ ასევე ყოველთვის გვერში ვედექით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მათ შორის ჩამოვთვლი: ბინათმოსარგებლეთა პრობლემას (ე.წ ატსტუპნიკები), გარემოვაჭრეები, პატიმართა უფლებები და მათი ოჯახები და ასე შემდეგ.  ვმონაწილებდით 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, სადაც მე გახლდით დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მიუხედავად არათანაბარი წინა საარჩევნო გარემოსი, პარტიამ ორივე არჩევნებზე ამომრჩეველთა გარკვეული ხმები მაინც მოაგროვა. 

რატომ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში და რას სთავაზობთ ამომრჩეველს, რათა მათი მანდატი მიიღოთ?

  • ჩვენ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიკიტიკურ ეკონომიკურმა მდგომარეობამ და იმ ფაქტმა, რომ დღეს სამწუხაროდ პოლიტიკურ სპექტრში ეროვნულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ნაკლებობაა, მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში. 

რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მუშაობს ან აპირებს მუშაობას თქვენი გუნდი?

  • გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა, რაც ჩვენი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას გამოიყვანს მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, განვითარდება ტურიზმი და ქვეყნის ეკონომიკა, რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში კანონი იკანონებს ეს მოკლედ, თუმცა ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას და ამის მიტანას თითოეულ ადამიანთან 

როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს? ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად ორი პოლიტიკური ჯგუფი დომინირებს (ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა) და არის პროგნოზიც, რომ ძირითადად მათ შორის იქნება პოლიტიკური ბრძოლა, ამ ფონზე, რა შანსები აქვთ მცირე პარტიებს, მათ შორის თქვენ?

  • დღეს ქვეყანაში დომინირებს ძირითადად ორი პოლიტიკური ცენტრი, “ქართული ოცნება” და” ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა ხალხის ნდობა ვერ გაამართლეს და მათი რეიტინგი დღეს დაბალია. ხალხს უნდა ახალი ძალა, ახალი სახეები და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები, ამ ვითარებაში ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას, მე ამის იმედი მაქვს, თუნდაც ჩვენი წლების განმავლობაში გაწეული მოღვაწეობიდან გამომდინარე. 

ვინაიდან ჩართული ხართ მიმდინარე მოვლენებში, გკითხავთ ბოლო დროს მომხდარ ტრაგედიებზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობას რა ჭრილში ხედავთ?

  • ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ქვეყანაში ბოლო დროს დატრიალებულ ტრაგედიებს, ცალსახად მათ შორის ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა უმსგავსო საქციელი იქნება, თუმცა ამ ტრაგედიებში საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს თავი დამნაშავედ, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცველ ორგანოებს, მე ვფიქრობ მეტი ოპერატიულობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენაა საჭირო, ეს მათი ვალდებულებაცაა. თუ სამართალდამცველებმა პროფესიონალურად ვერ იმოქმედეს და საზოგადოებას თამარ ბაჩალეიშვილის და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კითხვები და უსამართლობის განცდა დარჩა, ეს ხელისუფლების რეიტინგს ძალიან დაარტყავს და წინასაარჩევნოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან .

და ბოლოს, რას ეტყვით და სთავაზობთ ამომრჩეველს, რომლისგანაც მანდატს ითხოვთ?

მე მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, მათ ეყოლებათ მათზე მზრუნველი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩვენ მათ არასოდეს არ მოვატყუებთ და ვიმუშავებთ, რათა იცხოვრონ სამართლებრივ, ეკონომიკურად ძლიერ , უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

წყარო: multimedia.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *